Anthropic-მა განაახლა კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელიც 2026 წლის 8 ივლისს ძალაში შევა. ახალი წესები კომპანიას საშუალებას აძლევს, პოლიტიკის სავარაუდო დარღვევით მონიშნულ Claude-ის ზოგიერთ მომხმარებელს სახელმწიფო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ბიომეტრული მონაცემები მოსთხოვოს.
ახალი „Verification Data” პუნქტის მიხედვით, Anthropic-ს შეუძლია მოითხოვოს: სახელმწიფო პირადობის დოკუმენტის ასლი მასზე არსებული ყველა პირადი ინფორმაციით, მომხმარებლის ფოტო ან ვიდეო, ასევე სახის გეომეტრიის შაბლონები. კომპანია თავადვე აღნიშნავს, რომ ეს მონაცემები „შეიძლება ზოგიერთ სამართლებრივ სივრცეში ბიომეტრიულ მონაცემებად ჩაითვალოს”.
ვის ეხება ახალი მოთხოვნა
პოლიტიკა მხოლოდ Free, Pro და Max საბაბონო გეგმის მომხმარებლებს ეხება. Team, Enterprise და API კლიენტებზე ეს შეზღუდვები არ ვრცელდება.
Anthropic-ის განმარტებით, ზომა „მომხმარებელთა მცირე ჯგუფს” ეხება, ვისი ანგარიშებიც პოლიტიკის დარღვევის ეჭვით მონიშნულია — ვერიფიკაცია ანგარიშის სრული ბლოკირების ნაცვლად გასაჩივრების შესაძლებლობას სთავაზობს მომხმარებელს. კომპანიამ არ გაამჟღავნა, კონკრეტულად რომელი ქმედებები იწვევს ვერიფიკაციის მოთხოვნას. ასევე, დადგენილი არ არის, რამდენ ხანს ინახება შეგროვებული დოკუმენტები და ბიომეტრიული შაბლონები.
ვერიფიკაციის პროცესი
პირადობის შემოწმება ხდება Persona-ს, სან-ფრანცისკოში დაფუძნებული პლატფორმის, მეშვეობით, რომელსაც Founders Fund-ი ფინანსავს. ბიომეტრიული მონაცემები და პირადობის დოკუმენტები Persona-ს სერვერებზე ინახება და არა Anthropic-ის საკუთარ ინფრასტრუქტურაზე.
Anthropic-ი განმარტავს, რომ შეგროვებული მონაცემები AI მოდელების სასწავლებლად არ იქნება გამოყენებული და მარკეტინგული მიზნებისთვის მესამე მხარეს არ გადაეცემა.
ინდუსტრიაში პირველი
OpenAI, Google, Meta — ძირითადი AI ჩატბოტ-პლატფორმებიდან არცერთი ამჟამად არ მოითხოვს კონსუმერ-მომხმარებლებისგან სახელმწიფო პირადობის დოკუმენტს ან სახის ბიომეტრიას, როგორც სტანდარტულ სამართლებრივ ზომას. Anthropic-ი პირველი მთავარი AI კომპანიაა, რომელმაც ეს პოლიტიკა კონსუმერ-ანგარიშებისთვის შემოიღო.